ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა გოლდი (გოლდინი ან გოელდინი, დ. 24 ოქტომბერი, 1734 — გ. 13 ივნისი, 1782)[1][2] — XVIII საუკუნის შვეიცარიელი შინამოსამსახურე, ერთ-ერთი ბოლო ქალი, რომელიც ჯადოქრობისათვის ევროპაში სიკვდილით დასაჯეს. გოლდს, რომელსაც გლარუსში თავი მოჰკვეთეს, შვეიცარიის „უკანასკნელ კუდიანს“ უწოდებენ. 2008 წელს გლარუსის კანტონის მთავრობამ ის უდანაშაულოდ ცნო.[3]

ანა გოლდი
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1734 წ.
სენვალდი, შვეიცარია;
გარდაცვალების თარიღი 13 ივნისი, 1782 წ. (47 წლის)
გლარუსი, შვეიცარია;
გარდაცვალების მიზეზი თავის მოკვეთა
ეროვნება შვეიცარიელი
საქმიანობა შინამოსამსახურე

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ანას დაჭერაზე დაწესებული ჯილდო, ამონარიდი გაზეთიდან;

გოლდი სენვალდში, დაბალ სოციალურ საფეხურზე, შვიდი დედმამიშვილის ოჯახში დაიბადა, რომელთაგან ის მეოთხე იყო. 18 წლის ასაკში შინამოსამსახურედ მუშაობა დაიწყო. 1762-1765 წლებში იგი მუშაობდა სენვალდის საეკლესიო სახლში.[1] როდესაც ის 31 წლის იყო, გოლდს შვილი დაქირავებული ჯარისკაცისაგან შეეძინა, თუმცა ბავშვის მამამ შვეიცარია შვილის დაბადებამდე დატოვა.[4] ანას ჩვილი დაბადების ღამეს გარდაიცვალა (რაც იმ ეპოქისათვის იშვიათი არ იყო, ჩვილთა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლების გამო).[4] საკუთარი შვილის მკვლელობის ბრალდებით ის დასაჯეს და ექვსწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.[4] ქალი ამ პატიმრობას გაექცა და ცვიკის ოჯახში, მოლისში დასაქმდა, სადაც 1768 წლიდან 1775/1776 წლამდე იმუშავა.[1] იქ მას იოჰან მელქიორ ცვიკისაგან, მისი ბატონის ვაჟისაგან შვილი გაუჩნდა, თუმცა ისინი არ იყვნენ დაქორწინებულები.[4]

გოლდიმ 1780 წელს[4] ექიმ იოჰან იაკობ ცჩუდისთან (1747-1800) დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, ამავდროულად კი ექიმის ხუთ ქალიშვილს უვლიდა. სავარაუდოდ, იოჰანს ანას მიმართ სექსუალური ლტოლვა გაუჩნდა,[5] რის გამოც გოლდიმ სექსუალური შევიწროვების (და შესაძლო გაუპატიურების) გამო იჩივლა,[6] თუმცა კანტონის მმართველთა შორის ცჩუდის ოჯახის ერთ-ერთი წევრიც მოიაზრებოდა, რაც გოლდის საჩივრის გამართლების შანსებს თითქმის აბათილებდა.[5]

ამის შემდეგ, იაკობ ცჩუდიმ ანას ერთ-ერთი ქალიშვილისათვის გამომცხვარ პურსა და რძეში ნემსების „ზებუნებრივად“ ჩაყოლების ბრალდებით უჩივლა.[4] გოლდი თავიდან დაპატიმრებას გადაურჩა, მაგრამ 1782 წლის 9 თებერვალს მის დაკავებაზე ჯილდო გამოცხადდა. ანა დააკავეს, და წამებისას აღიარა, რომ მას ეშმაკთან ხელშეკრულება დაედო, და რომ ბოროტი სული მას შავი ძაღლის სახით გამოცხადებოდა. წამების დასრულების შემდეგ მან ეს აღიარება უკან წაიღო, თუმცა მიუხედავად ამისა, თავის მოკვეთა მიესაჯა. დოკუმენტი ოფიციალურად დაიწერა „მოწამვლის“ და არა ჯადოქრობის ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის კანონი მოწამვლის მცდელობას სიკვდილით არ სჯიდა.[7]

მისი სასამართლო პროცესის დროს ჯადოქრობის შესახებ ოფიციალური ბრალდებები თავიდან აირიდეს და სასამართლო ოქმები გაანადგურეს. ამის გამო, სასამართლო პირდაპირი მნიშვნელობით კუდიანობისათვის გასამართლებად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ სასჯელი აშკარად კუდიანებზე ნადირობის მიზნებით იყო გამოწვეული, ამგვარმა მკვლელობამ შვეიცარიის საზოგადოება და საღვთო რომის იმპერია განარისხა.

სასჯელი ისტორიკოსმა ავგუსტ ლუდვიგ ფონ შლოცერმა აღწერა, როგორც სასამართლო მკვლელობა („უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა, განზრახ და წმინდა მართლმსაჯულების მთელი პომპეზურობით“.[8])

მემკვიდრეობა

რედაქტირება

1982 წელს ეველინ ჰასლერმა გამოაქვეყნა რომანი ანა გოლდის შესახებ, რომელიც ინგლისურად ითარგმნა როგორც „ანა გოლდინი - უკანასკნელი ჯადოქარი“. 1991 წელს გერტრუდ პინკუსმა ჰასლერის წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო.[9]

გამართლება

რედაქტირება

2007 წლის 20 სექტემბერს შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ანა გოლდის საქმე მართლმსაჯულების შეცდომად ეღიარებინა. ფრიც შისერმა, როგორც გლარუსის წარმომადგენელმა შვეიცარიის პარლამენტში, მოითხოვა ანა გოლდის გამართლება, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 226 წლის შემდეგ, 2008 წლის 27 აგვისტოს, იმ მოტივით მიენიჭა, რომ მას „უკანონო სასამართლო პროცესი“ ჩაუტარდა.[7] როგორც ჩანს, გოლდის ცოლიან ბატონს ბოროტად გამოეყენებინა საკუთარი ძალაუფლება მას შემდეგ, რაც ანა მისი ავხორცული ქმედებების გამხელით დამუქრებოდა.[7][10]

მემორიალი

რედაქტირება

შვეიცარიის ქალაქ გლარუსმა გოლდის მემორიალი 2014 წელს გახსნა. მემორიალი, რომელიც ორ მუდმივად ანთებულ, გლარუსის სასამართლოს გვერდზე მიმაგრებულ ლამპრებს გულისხმობს, მიზნად ისახავს გაამახვილოს ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებიც დღეს მსოფლიოში ხდება, და რომელთა ერთ-ერთი სასტიკი მაგალითიც ანა გოლდის ცხოვრება და მკვლელობაა.

შენობის ფასადზე დატანილი დაფა მემორიალის ლამპრების მნიშვნელობას ხსნის: „მემორიალი აქ დატრიალებული უსამართლობის გამოსყიდვის გამოხატულებაა. ანა გოლდის ეს მარადიული სინათლე მუდამ გაანათებს.“[11]

2017 წლის 20 აგვისტოს, ჰანგიტურმის შენობაში, ანა გოლდის მუზეუმი გაიხსნა.[10][4]

პოპ-კულტურაში

რედაქტირება

გოლდის ცხოვრებაზე დაიწერა მიუზიკლი, რომელშიც მთავარი როლი მაშა ქარელმა შეასრულა.[4][12]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hasler, E. (2013) Anna Goeldin -- The Last Witch. A Novel Trans. Mary Bryant. Ed. Waltraud Maierhofer. Lighthouse Christian Publishing. ISBN 1482659492

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 თარგი:HDS
  2. The Anna Göldi Foundation notes that while the date of her sentencing and death is commonly cited as June 18, the recorded date of her sentencing by the protocol of the Evangelical Council is June 6, and her execution is given as June 13. Anna Göldi. Anna Göldi Stiftung. ციტირების თარიღი: 16 August 2016.
  3. "Last witch in Europe" cleared (27 August 2008). ციტირების თარიღი: 21 June 2017.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Gotsch, Lars (August 21, 2017). „Anna Göldi was like a wild horse, impossible to catch“. Swissinfo.
  5. 5.0 5.1 „Anna Göldi, une sorcière au temps des Lumières“.
  6. Mona Chollet (2018). Sorcières : La puissance invaincue des femmes (fr). Zones. 
  7. 7.0 7.1 7.2 Last witch in Europe cleared (August 27, 2008).
  8. Ermordung eines Unschuldigen, vorsätzlich, und so gar mit allem Pompe der heil. Justiz, (von Schlözer, p. 273)
  9. Analyse: Anna Göldin, Die letzte Hexe. regionalgeschichte.net. ციტირების თარიღი: 16 August 2016.
  10. 10.0 10.1 Anna Goeldi's story and exoneration. Online edition of the BBC News (September 20, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 October 2007. ციტირების თარიღი: 2007-09-20.
  11. Anna Göldi's memorial. Online edition of the SwissInfo (13 June 2014). ციტირების თარიღი: 2014-06-15.
  12. „Darsteller“ (German). 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 31, 2017. ციტირების თარიღი: August 30, 2017. ციტატა: „Masha Karell als Anna Göldi“
მოძიებულია „https://ka.wiki.x.io/wiki/ანა_გოლდი“-დან