ბუკისციხე
ბუკისციხე, თამარის ციხე ― ციხესიმაგრე საქართველოში, სოფელ ბუკისციხეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჩოხატაურიდან 6 კმ. შიდა ციხის ტერიტორიაზე დადასტურებულია ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნის კულტურული ფენები და V-IV საუკუნეების საქალაქო ცხოვრების კვალი.[1]აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.
ბუკისციხე | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა |
![]() |
სტატუსი | დანგრეული |
ინფორმაცია | |
მმართველი ქვეყანა | გურიელები |
ისტორია | |
თარიღდება | ფეოდალური ხანით |
აღდგენის წელი | XVII-XVIII სს |
სახელწოდების მიხედვით ნავარაუდებია, რომ ამ ციხეში ინახებოდა სასიგნალო საყვირი — ბუკი.[2]ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.
ციხე მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მაგრამ 1965 წელს ბერძენიშვილის გარდაცვალებამ გათხრები შეაჩერა.
არქიტექტურა
რედაქტირებაამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვითა და ტერიტორიულად არც თუ ისე დიდია, მაგრამ მაღალ ბორცვზეა განლაგებული და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრეფეოდალური ხანისა, უახლესი გვიანი შუა საუკუნეებისაა. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია ქვის დიდი საწნახელი და ქვისავე კიბის დიდი ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული საბრძოლო. კოშკი არქიტექტორმა კ. მელითაურმა VI-VII საუკუნის ძეგლად მიიჩნია.
ეკლესია
რედაქტირებაციხის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ბაზილიკის ტიპის ეკლესიის მხოლოდ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კედლებია შემორჩენილი. შესასვლელი გამოვლენილია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესიას სწორი აფსიდა აქვს. ძეგლის შიდაპირი მოპირკეთებულია. არქიტექტურული მონაცემებით, ეკლესია X საუკუნით თარიღდება.[3]
ისტორია
რედაქტირებაციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი. 1770 და 1774 წლებში ბუკისციხე ოსმალებმა აიღეს, მაგრამ ორივეჯერ მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მ უკან დაიბრუნეს. ციხე სოლომონ I-მა დაანგრევინა, რათა გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოსთვის დაემორჩილებინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სადრაძე ვ. და სხვ, ბუკისციხე, თბილისი, 2009
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სადრაძე ვ, სადრაძე თ., გურიის მხარის შესწავლის ისტორიისთვის (1831-2010 წწ) // გურია, მხარის კვლევა ძიების შედეგები : კრებული, თბილისი: მწიგნობარი, 2016, № VI, გვ. 58, ISSN 1512-3952.
- ↑ ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 48.
- ↑ კალანდაძე ზ., „გურიის ადრე და შუა ფეოდალური ხანის საფორტიფიკაციო ნაგებობანი“, კრებული „გურია“ წ. I გვ. 123 — თბილისი, 1996 წ.