ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პრინცესა ელენე ორლეანელი (ფრანგ. Princesse Hélène Louise Henriette d'Orléans; დ. 13 ივნისი, 1871 — გ. 21 იანვარი, 1951) — ორლეანელების სამეფო ოჯახის წევრი და ქორწინებით, იტალიის სამეფო ოჯახის კადეტების (ოჯახის უმცროსი ვაჟების) შტოს მეთაური, აოსტას ჰერცოგინია. მას ხელს სთხოვდნენ რუსეთის იმპერიის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრიის ტახტის მემკვიდრეები.

პრინცესა ელენე
აოსტას ჰერცოგინია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ივნისი, 1871 წ.
გარდ. თარიღი: 21 იანვარი, 1951 წ.
მეუღლე: ემანუელე ფილიბერტო სავოიელი; კოლონელი ოტო კამპინი;
შვილები: ამედეო, აოსტას მესამე ჰერცოგი; აიმონე, აოსტას მეოთხე ჰერცოგი;
დინასტია: ორლეანელები
მამა: ფილიპ ორლეანელი, პარიზის გრაფი
დედა: მარი იზაბელ ესპანელი
 
ახალგაზრდა ელენე ორლეანელი (1885)

ელენე პარიზის გრაფის, ფილიპესა და ინფანტა მარი იზაბელ ესპანელის რვა შვილიდან მესამე იყო. მისი დიდი ბაბუა ლუი-ფილიპ ორლეანელი, ფრანგთა მეფე გახლდათ. 1842 წლიდან 1848 წლამდე (დინასტიის განდევნამდე) ის ტახტის მემკვიდრე იყო. ორი უფროსი დედმამიშვილის მსგავსად, ელენე იორკის სახლში, ტვიკენჰემში დაიბადა; ცოტა ხნით ადრე, სანამ მის საგვარეულოს გადასახლების იძულება მოეხსნებოდა.[1] ოჯახი საფრანგეთში 1871 წელს დაბრუნდა და პარიზში, ელენეს ბიძის, ანრი ორლეანელის მდიდრულ სასტუმროში დაბინავდა, რომლის ქონებაც 1852 წელს კონფისკაციას გადარჩენოდა.[1] 1872 წლის 21 დეკემბერს, ეროვნულმა ასამბლეამ რესტიტუციის კანონი დაამტკიცა, და ორლეანელებს დაკარგული ქონების ნახევარი დაუბრუნა.[1]

ამავდროულად, გრაფისა და გრაფინიას ახლო მეგობარმა, მარია ბრიგნოლე სალე დე ფერარიმ, წყვილს მატინიონის სასახლის პირველი სართული და ბაღები გადასცა.[1] მისი ინიციატივით აშენდა სახლი ორლეანელთა ბავშვებისა და მასწავლებლებისათვის, სადაც ელენე 1876 წლიდან მამის გადასახლებამდე ცხოვრობდა.[1]

1883 წელს, ლუი მეთხუთმეტის უკანასკნელი ლეგიტიმური შთამომავალი, ანრი დე ბურბონი უშვილოდ გარდაიცვალა, რამაც როიალისტებისთვის პარიზის გრაფი ახალ მემკვიდრედ აქცია.[1] 1886 წელს ელენეს უფროსი დის, ამელიას კარლუშ ბრაგანზა-კობურგელზე ქორწინებამ პარიზში ხმაურიანად ჩაიარა. საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობამ ხალხის რეაქციაში მონარქიისადმი კეთილგანწყობის საფრთხე დაინახა და 22 ივლისს, ყველა ყოფილი მმართველის შთამომავალი ქვეყნიდან გაასახლა. მათ შორის იყვნენ პარიზის გრაფი და გრაფინიაც, რომლებიც ჯერ ინგლისში გაემგზავრნენ, შემდეგ შოტლანდიაში, ბოლოს კი შინის სახლში, აღმოსავლეთ შინში, ინგლისში დასახლდნენ.[1] 1890 წელს ისინი ბაკინგემში, სტოუეს სახლში გადავიდნენ.[1][2]

შესაძლო საქმროები

რედაქტირება
 
ელენე ორლეანელი - აოსტას ჰერცოგინია; 1903

ელენეს დედმამიშვილების უმრავლესობა კარგ პირობებში დაქორწინდა, მათ შორის ამელია, პორტუგალიის დედოფალი; ფილიპე, ორლეანელი ჰერცოგი (რომელმაც ცოლად ერჰერცოგინია მარია დოროთეა ავსტრიელი მოიყვანა) და იზაბელა, გუიზის ჰერცოგინია. ელენეს მშობლები იმედოვნებდნენ, რომ მათი ქალიშვილი რომელიმე ტახტის მემკვიდრეს გაჰყვებოდა. ამ იმედებს ხელს უწყობდა ელენეს სილამაზე.[1] თანამედროვეები მას ახასიათებდნენ, როგორც „ქალური სიჯანსაღისა და სილამაზის პერსონიფიკაციას, მომხიბლავი ათლეტურობითა და მომაჯადოებელი ლინგვისტურობით შემკულს.“[3]

ურთიერთობა კლარენსის ჰერცოგთან

რედაქტირება
 
აოსტას ჰერცოგინია

პრინცი ალბერტ ვიქტორი, კლარენსისა და ავონდალის ჰერცოგი (ედი) მომავალი ედვარდ VII უფროსი ვაჟი და დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი იყო. 1890 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, ედისა და ელენეს უფლება მიეცათ ერთმანეთს ალბერტის და, პრინცესა ლუიზას სახლში გაცნობოდნენ,[1] და დედების შეგულიანებით, ერთმანეთი შეუყვარდათ კიდეც.[1][4][5] 28 აგვისტოს, შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში, ალბერტმა ბებიამისთან პირადი აუდენცია მოითხოვა, და ელენე თან წაიყვანა. კათოლიკესთან ქორწინება პრინცს ტახტის მემკვიდრეობაში ხელს შეუშლიდა, მაგრამ ელენემ აღუთქვა, რომ მრწამსს შეიცვლიდა და ანგლიკანი გახდებოდა. როდესაც დედოფალმა ვიქტორიამ ამ დაპირების შესახებ გაკვირვება გამოხატა, ელენე ატირდა და უპასუხა, რომ ამას სიყვარულის გულისთვის აკეთებდა. წყვილის გრძნობებით დაფიქრებულმა ვიქტორიამ მათ მფარველობა აღუთქვა, მაგრამ დაურთო, რომ მსგავსი გეგმის წარმატების შანსი ძალიან მცირე იქნებოდა, სულ ცოტა იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, ელენეს მამა ქალიშვილის რელიგიის შეცვლას იუარებდა.[1]

ალბერტმა ტახტის დათმობა გადაწყვიტა, თუ ამის აუცილებლობა შეიქმნებოდა. ძმას სწერდა: „არ იცი როგორ მიყვარს ეს ტკბილი გოგონა, და ვგრძნობ, მის გარეშე ვერასდროს ვიქნები ბედნიერი.“[5] პრინცის დედ-მამა ქორწინებას დათანხმდა.

მიუხედავად ამისა, დედოფალ ვიქტორიას შიშები მართალი გამოდგა.[5][4] მისმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გასკოინ-სესილმა, მსგავსი ურთიერთობი დედოფლისათვის გაგზავნილ ვრცელ წერილში გააკრიტიკა. ელენეს მამამ ქორწინებაზე უარი თქვა, არ აპირებდა შვილისთვის ანგლიკანად კონვერტაციის უფლება მიეცა, და ვიქტორიას თავისი გადაწყვეტილება აუწყა. მიუხედავად ამისა, მან ელენეს ნება დართო, პირადად შევედრებოდა პაპ ლეო XIII, დაეშვა გამონაკლისი, მაგრამ პაპმა უარით უპასუხა და ურთიერთობაც დასრულდა.[5]

ალბერტს ელენე მთელი დარჩენილი ცხოვრება უყვარდა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მის აკლდამაზეც ელენეს სახელია ამოტვიფრული.[5] დედოფალმა ვიქტორიამ შვილიშვილისთვის პატარძლის მოძებნა სცადა და მარგარეტ პრუსიელი აარჩია, მაგრამ ამ ურთიერთობიდან არაფერი გამოვიდა,[5] ხოლო ალექსანდრა ჰესენელმა ალბერტს უარით უპასუხა.[1] მოგვიანებით, პრინცესა მარია ტეკელთან ჯვრისწერა ჩაინიშნა, მაგრამ პრინცი ქორწინებამდე გარდაიცვალა.

სხვა საქმროები

რედაქტირება

რუსეთის ცარმა ნიკოლოზ მეორემ თავის დღიურში აღნიშნა მშობლების სურვილი: მათ უნდოდათ, რომ ცოლად ფრანგი ქალი შეერთო და ამისთვის ელენე შეერჩიათ კიდეც. თავად კი ელენე არ მოსწონდა, მეტიც, ამ დროისთვის თავისი მომავალი მეუღლე, ალექსანდრა, უკვე უყვარდა და მასზე ქორწინების უფლება 1894 წელს მოიპოვა კიდეც.[6] 1892 წელს, ძმა ფილიპესთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობისას, ელენე ერნსტ განტერს, შლესვიგ-ჰოლსტეინის ჰერცოგს შეხვდა, რომელმაც მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, რამაც მისი დის, გერმანიის იმპერატრიცა ავგუსტა ვიქტორიას რისხვა გამოიწვია. გერმანულმა ზეწოლამ ერნსტის იმედები გააქარწყლა, რომლებსაც, სავარაუდოდ, ისედაც არ ექნებოდა გასაქანი, რადგან ელენე მის მიმართ არანაირ ინტერესს არ გამოხატავდა. მოგვიანებით, ოჯახს სურდა პრინცესა ავსტრიელ ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდზე გაეთხოვებინა, მაგრამ ერცჰერცოგი მალე მომავალ მეუღლეს, გრაფინია სოფია ხოტეკს შეხვდა, და ელენეზე ფიქრს თავი დაანება.[7]

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1895 წლის 25 ივნისს, ელენე პრინც ემანუელე ფილიბერტო სავოიელს, აოსტის მეორე ჰერცოგს გაჰყვა ცოლად.[3] პრინცი ამ დროისათვის იტალიის ტახტის მეორე მემკვიდრე იყო. ქორწილს ვიტორიო ემანუელე იტალიელი, უელსის პრინცი და პრინცესა, და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრები ესწრებოდნენ.[3] საქორწინო საუზმე ორლეანელების სახლში გაიმართა.

წყვილს ორი ვაჟი შეეძინა:

1931 წელს დაქვრივების შემდეგ, პრინცესა მეორედ გათხოვდა და 1936 წელს კოლონელ ოტო კამპინის გაჰყვა ცოლად.

საქმიანობები

რედაქტირება
 
ჰერცოგინია 1946 წელს

1892 წელს, ელენე ძმასთან ერთად ეგვიპტესა და პალესტინას ეწვია, და მოგზაურობა მრავალი წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ელენე ხშირად სტუმრობდა აფრიკას, ხანდახან თვეების განმავლობაშიც. ის მოგზაურობდა მდინარე ნილოსის გასწვრივ, კონგოსა და აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიებსა და საჰარაში. ამ მოგზაურობებისას ველურ ცხოველებზე ნადირობდა და წერდა სტატიებს ჰარპერის ყოველკვირეული ჟურნალისთვის. მოგვიანებით, მემუარების რამდენიმე კრებული გამოსცა, რომლებსაც მის მიერ გადაღებული ფოტოები ჰქონდა დართული. 1913-1914 წლებში ელენემ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და კიდევ ერთი წიგნი დაწერა ამ მოგზაურობის შესახებ.[8]

სამხედრო ექთანი

რედაქტირება

როდესაც იტალია-თურქეთის ომი დაიწყო, ელენემ საექთნო კურსები გაიარა და უცხოეთში საავადმყოფო გემ „მემფით“ გაემგზავრა. აქ ის დაჭრილ და დაავადებულ მეომრებს უვლიდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, ის იტალიელ წითელი ჯვრის ექთნებს ჩაუდგა სათავეში და ომის დიდი ნაწილი ფრონტის ხაზზე გაატარა. მან ძლიერ განავითარა სამხედრო საავადმყოფოების სანიტარია და საცხოვრებელი პირობები, აამაღლა ქალი ექთნების როლი საზოგადოებაში, და სიმამაცისათვის მრავალი ორდენი მიიღო. მის მიერ დაწერილი ომის დღიურები მოგვიანებით დაიბეჭდა ბენიტო მუსოლინის წინასიტყვაობით და იტალიური წითელი ჯვრისთვის გამოიცა.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Pope-Hennessy, James (1959). Queen Mary 1867–1953. London: George Allen and Unwin Unlimited. ISBN 0-04-923025-5. 
  • Hanson, Edward (2017). The Wandering Princess: Princess Helene of France, Duchess of Aosta (1871–1951). Fonthill. ISBN 978-1-78155-592-7. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Paoli, Dominique (2006). Fortune et Infortune des Princes d'Orléans. France: Editions Artena, გვ. 191, 207–208, 219, 248, 260, 271–273, 278, 297–299, 317–318. ISBN 2-35154-004-2. 
  2. Hanson, Edward (2020). „Another Orléans Princess: Hélène de France, Duchess of Aosta“. British Historical Society of Portugal Annual Report. 47: 93. ციტირების თარიღი: 5 January 2022.
  3. 3.0 3.1 3.2 "Royal Houses United", The Washington Post, 26 June 1895
  4. 4.0 4.1 "Duke D'Aosta's Bride", The Washington Post, 17 March 1895
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Pope-Hennessy, pp. 196-199.
  6. Queen Victoria (1975). Advice to my granddaughter: Letters from Queen Victoria to Princess Victoria of Hesse. Simon and Schuster. p.81. ISBN 0-671-22242-2
  7. Hanson, The Wandering Princess, 77, 84.85, 88-89
  8. Hanson, The Wandering Princess, chapter 7 onwards.
  9. Hanson, The Wandering Princess, 220-221, 227
მოძიებულია „https://ka.wiki.x.io/wiki/ელენე_ორლეანელი“-დან