ვასო ურუშაძე
ვასილ (ვასო) ლუკას ძე ურუშაძე (დ. 6 აპრილი (ძვ. სტილით 25 მარტი[1]), 1879, ოზურგეთი — გ. 20 მარტი, 1952, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია
რედაქტირება1894 წელს ოზურგეთის ექვსწლიანი სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის კოოპერაციულ სასწავლებელში.
ვასო ურუშაძე სცენაზე პირველად, ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს, 1894 წელს გამოვიდა ოზურგეთის სცენისმოყვარულთა სპექტაკლში. აქვე ნახა იგი აკაკი წერეთელმა, მოეწონა ნიჭიერი ახალგაზრდა და მისი სარეკომენდაციო წერილით კოტე მესხმა თბილისის ქართული თეატრის დასში ჩარიცხა მსახიობად, სადაც იგი მუშაობდა 1896-1898 წლებში.
ვასილ ურუშაძე წლების მანძილზე თეატრის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ მუშაობასაც ეწეოდა, იყო სკეტჩების ავტორი და ესტრადის მსახიობი. 1906 წლიდან იყო თბილისის ოპერის თეატრის გამგე, 1907 წლიდან – ჭიათურის მუშათა სამხატვრო ხელმძღვანელი. 1910 წელს ჭიათურის დრამატულმა საზოგადოებამ ვასილ ურუშაძე ერთი წლით რეჟისორად მიიწვია.[2] ამავე წელს ქუთაისის თეატრის დრამატულმა საზოგადოებამ მიიწვია თეატრის ადმინისტრატორად.[3] მისი უშუალო ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა აჭარის მუდმივ ქართულ თეატრს. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის დაინიშნა ბათუმის თეატრის კომისრად, შემდეგ დირექტორად. იყო ბათუმის მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორი. 1933 წელს თბილისში მიიწვიეს საქფილეგთის (ახლანდელი ფილარმონია) დირექტორის მოადგილედ, სადაც 1935 წლამდე იმუშავა, შემდეგ იქვე დარჩა კონფერანსიედ და მხატვრული კითხვის ოსტატად.
ვასილ ურუშაძე აქვეყნებდა პერიოდულ გამოცემებში იუმორისტულ მოთხრობებს. იგი ითვლება ქართული ესტრადის ერთ-ერთ დამაარსებლად. ის შესანიშნავად კითხულობდა თავისსავე გურულ სცენებს: "კოლმეურნეობაში", "სატირალში", "სცენა პატიმრებისათვის", "ცირკში", "რკინიგზის გაყვანაზე", "თეატრის წინ", "წერილი სოფლელებს", "დღეს ამერიკაში", "ცეკვის წინ" და სხვ.
1908 წელს მან ცალკე წიგნად გამოსცა "გურული სცენები და მონოლოგები". თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერა "მოგონებანი", რომელიც 1951 წელს დაიბეჭდა.
მისი მეუღლე იყო მსახიობი მარო მდივანი.
1933 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი წოდება. 1927 წელს - აჭარის ასსრ დამსახურებული არტისტის წოდება. დაჯილდოებული იყო მედლებით: "კავკასიის დაცვისათვის" და "მამაცური შრომისათვის 1914-1945 წლების დიდ სამამულო ომში".
გარდაიცვალა 1952 წლის 20 მარტს, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვასო ურუშაძე : ნეკროლოგი // ლიტერატურა და საქართველო. - თბილისი, 1952. N 13 (28 მარტი). - გვ. 4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ურუშაძე ვასო, მოგონებანი. -თბილისი : ხელოვნება, 1951
- ↑ სათეატრო ამბები : ვასო ურუშაძე რეჟისორად... // თეატრი და ცხოვრება. - თბილისი, 1910. N 10 (7 მარტი). - გვ. 16.
- ↑ ქუთაისის თეატრი : დრამატულმა საზოგადოებამ... // თეატრი და ცხოვრება. -თბილისი, 1910. N 38 (26 სექტემბერი). - გვ. 16.