კონსტანტინე მორბედაძე
კონსტანტინე მორბედაძე (დ. 23 ოქტომბერი, 1957, თბილისი — გ. 2014) — ქართველი არქიტექტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით.
1981-2001 წლებში საქმიანობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში მოქმედ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ წამყვან სპეციალისტად. 2001-2003 წლებში იყო თბილისის მერიის დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 2003-2014 წლებში მუშაობდა შპს „არქიტექტურა, კონსტრუქციები“-ში როგორც წამყვანი არქიტექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2008-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ინდმეწარმე „კონსტანტინე მორბედაძეს“ და ამავე დროს ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით. ავტორია 60-მდე პროექტისა. მის განხორციელებულ ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სიონის საკათედრო ტაძრის მთავარი კენკელი, საცხოვრებელი კომპლექსი იყალთოს მთაზე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დასასვენებელი სახლის ინტერიერები გაგრაში, სასტუმრო „ვერე პალასი“, საცხოვრებელი სახლი ქეთევან წამებულის გამზირზე, „ნავთობკორპორაციის“ შენობის რეკონსტრუქცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობის განახლება, დედა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ხვანჭკარაში, საცხოვრებელი სახლი შატბერაშვილის ქუჩაზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ი. ჭავჭავაძის გამზირზე, სასტუმრო კომპლექსი „დიდველი“ ბაკურიანში, საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსი ქეთევან წამებულის გამზირზე, საცურაო აუზი და საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში და სხვა.
აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და არქიტექტურულ კონკურსებში. მისმა სადიპლომო ნაშრომმა „მთაწმინდის პლატოს რეკონსტრუქცია და განაშენიანება“ პირველი პრემია დაიმსახურა არქიტექტურული სკოლების საკავშირო დათვალიერებაზე ირკუტსკში. სამების საკათედრო ტაძრის პროექტების კონკურსში მისმა ნამუშევარმა მეორე პრემია მოიპოვა, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების კონკურსში პირველ ადგილს დაეუფლა. აქტიური მონაწილეობა ჰქონდა იმერეთის რეგიონში მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების აღდგენის პროექტირებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2 თბ., 2021 გვ. 203-204