პოლიტიკური პატიმარი
პოლიტიკური პატიმარი — ადამიანი, რომელიც თავისი პოლიტიკური საქმიანობის გამოა დაკავებული; პოლიტიკური ბრალი ყოველთვის არ წარმოადგენს დაპატიმრების ოფიციალურ მიზეზს.
არ არსებობს ტერმინის საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი განსაზღვრება, თუმცა სამართლის მკვლევარებს შორის არის შემდეგი კონსესუსი: „ადამიანები, რომელიც სამართლებრივად იდევნებიან არა მათ მიერ ჩადენილი კანონდარღვევის გამო, არამედ მათი მოსაზრებებისა და იდეების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმიან ძალაუფლებაში მყოფ სუბიექტებს.[1]
დღესდღეობით საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების პრაქტიკაში გამოიყენება ტერმინის „პოლიტიკური პატიმარი” რამდენიმე სხვადასხვა განსაზღვრება, რომლებიც შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთმანეთს ავსებს. მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულია საერთაშორისო ამნისტიისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განსაზღვრებები. პიროვნებას პოლიტიკური პატიმრის სტატისი ენიჭება სწორედ ასეთი ორგანიზიების განცხადების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში აღნიშნული სტატუსი აღირებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, იგი ხშირ შემთხვევაში უარყოფილია იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნის ინდივიდებს და რომელიც თავის სამართლებრივ სისტემაში ყოველგვარ მიკერძოებას უარყოფს.[1][2][1]
საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის შემთხვევების აღმოფხვრის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის საყოველთაო ცნების არარსებობაა.[3] საერთაშორისო საზოგადოებაში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელიც რომელიც ცალსახად განსაზღვრავდა პირის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმებს; ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოყალიბებულ ცნებებს მეტწილად მხოლოდ დეფინიციური და სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნიათ. შესაბამისად, არ არსებობს სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს დაავალდებულებდა კანონმდებლობაში აესახათ ტერმინის „პოლიტიკური პატიმარი“ კრიტერიუმები.[3]
პოლიტიკური პატიმრის მიმართ ასევე ხშირად გამოიყენება ტერმინი სინდისის პატიმარი, რომლის პოპულარიზებაც ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიამ მოახდინა.
ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური საპატიმროები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური პატიმრებისთვისაა განკუთვნილი.[4]
განსაზღვრებები
რედაქტირებაპოლიტიკური პატიმრის ცნება მრავალ განსაზღვრებას მოიცავს, თუმცა ვერ შევხვდებით მის ცხად განმარტებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა კონვენციებში. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ცნების სამართლებრივი განსაზღვრებები ბუნდოვანია, თუმცა ამასთანავე იკვეთება ზოგადი კონსესუსი, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან „ადამიანები, რომელიც სამართლებრივად იდევნებიან არა მათ მიერ ჩადენილი კანონდარღვევის გამო, არამედ მათი მოსაზრებებისა და იდეების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმიან ძალაუფლებაში მყოფ სუბიექტებს.“[1]
პოლიტიკური პატიმრის ცნების განსაზღვრება და კრიტერიუმები შემუშავებული აქვს არაერთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
რედაქტირებაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის მიხედვით თავისუფლებააღკვეთილი პიროვნება ითვლება პოლიტიკურ პატიმრად იმ შემთხვევაში, თუ:
ა. თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი პროტოკოლებით გარანტირებული რომელიმე უფლების, კერძოდ - სიტყვის, სინდისის და რელიგიის, გამოხატვის და ინფორმაციის გავრცელების, აგრეთვე შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლების უფლების დარღვევის საფუძველზე;
ბ. თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული იყო აშკარად პოლიტიკური მოტივებით, ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე;
გ. პოლიტიკური მოტივების გამო პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები აშკარად შეუსაბამოა იმ კანონდარღვევასთან, რისთვისაც პირი არის ბრალდებული ან მსჯავრდებული;
დ. პირი თავისუფლებააღკვეთილია პოლიტიკური მოტივებით სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციული საფუძვლით;
ე. თავისუფლების აღკვეთა მოხდა პროცესუალური გარანტიების აშკარა დარღვევებით და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ეს დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Greene, Helen Taylor; Gabbidon, Shaun L. (14 April 2009) „Political Prisoners“, Encyclopedia of Race and Crime. SAGE Publications, გვ. 636–639. ISBN 978-1-4522-6609-1.
- ↑ Steinert, Christoph Valentin (2021). „Who Is a Political Prisoner?“. Journal of Global Security Studies. 6 (3). doi:10.1093/jogss/ogaa052. ISSN 2057-3170.
- ↑ 3.0 3.1 ვინ არის პოლიტიკური პატიმარი - საერთაშორისო ცნება და გამოწვევები
- ↑ Machcewicz, Anna (2018). „Political Prisoners in Poland, 1944–56: The Sources and Strategies of Resistance in the Authoritarian State's Prison System“. Acta Poloniae Historica. 118: 93–126. doi:10.12775/APH.2018.118.04. ISSN 0001-6829. S2CID 159274432.