ფალოსის კულტი — რწმენა-წარმოდგენები, დაკავშირებული ბუნების აღორძინებასთან და სიცოცხლის განახლებასთან, რომლებიც საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა ნაყოფიერების მამრობით ძალებს. ეს წარმოდგენები განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ძველი მსოფლიოს მიწათმოქმედ ხალხებში, მათ შორის კავკასიის უძველეს მოსახლეობაში. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილია ქვის არაერთი სვეტისებური გამოსახულება ფალოსისა, რომლებიც უძველესი დროიდან კულტმსახურების ობიექტი უნდა ყოფილიყო. ამავე წარმოდგენების სფეროში პოულობს ახსნას ფალოსურ (მხედართა, მონადირეთა, მოცეკვავეთა და ა. შ.) პერსონაჟთა გამოსახულებები ბრინჯაოს ხანის სახვითი ხელოვნების ძეგლებზე. სადაც ნაყოფიერების იდეასთან და ბუნების აღორძინებასთან დაკავშირებული მითოლოგიური სცენები და მოქმედებებია აღბეჭდილი. ამ სცენებში ფალოსთან და სქესთა ურთიერთობებთან დაკავშირებული მოქმედებებით სიმბოლურად არის გადმოცემული წარმოდგენები ბუნების კვდომასა და მუდმივ აღორძინებაზე. ასეთი წარმოდგენების ანარეკლი ეთნოგრაფიულ ყოფაშიც არის დამოწმებული. მთელი რიგი რიტუალები და ადრესაგაზაფხულო დღესასწაულები (ბოსლობა, მურყვამობა, ბერიკაობა) სექსუალური ნიშნით იყო აღბეჭდილი და პირველყოფილი უშუალობით სრულდებოდა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ფალოსის საკრალურ მნიშვნელობაზე მოდიოდა. ეს რიტუალები ქართველთა ყოფამ თითქმის XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემოინახა. ფალოსის კულტის საფუძველზე განვითარებული სხვადასხვა წარმოდგენა აღმოსავლეთის მრავალ რელიგიაში შევიდა და ფრიად განზოგადებული რელიგიური იდეის მნიშვნელობა შეიძინა (მაგალითად, ლინგამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში).

ლიტერატურა

რედაქტირება