გაეროს დროშა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშა მიიღეს 1947 წლის 20 ოქტომბერს. ის წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური ემბლემის თეთრი ფერის გამოსახულებას ცისფერ ფონზე. დროშას საფუძვლად დაედო გაეროს სან-ფრანცისკოს კონფერენციისათვის შექმნილი ლოგო.

1945 წლის სან-ფრანცისკოს კონფერენციის ორგანიზატორებს ჭირდებოდათ ლოგო, რომელიც გამოისახებოდა სამკერდე ნიშანზე დელეგატების იდენტიფიცირებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიხვდა, რომ დროებითი ლოგო შეიძლებოდა გაეროს მუდმივ ემბლემად ქცეულიყო. მან ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ემბლემა — ფოთლებით გარშემორტყმული მსოფლიოს რუკა — დონალდ მაკლაფლინის ესკიზების მიხედვით.
ფონის ცისფერი ფერი შეირჩა, როგორც წითლის, ომის ფერის, საწინააღმდეგო. ზეთისხილის რტოები მშვიდობის სიმბოლოა, მსოფლიოს რუკა კი გამოხატავს ყველა ერს.