სელიმ-ფაშა

(გადამისამართდა გვერდიდან სელიმ ხიმშიაშვილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიმშიაშვილი.

სელიმ-ფაშა (ხიმშიაშვილი; გ. ივნისი, 1815, ხიხანის ციხე) — ახალციხის ფაშა 1803-1809 და 1812-1815 წლებში; აბდულა-ბეგის ძე. XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე ფაშა გახდებოდა, იყო ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სელიმი თავის მამის კვალს — ბეგობას დაადგა და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ ფაშობაც-კი იშოვნა და სელიმ-ფაშად იწოდებოდა. ახალგაზრდობაში მამასთან ერთად მონაწილეობდა გურიის სამთავროში ლაშქობაში, როდესაც სოფელ ასკანასთან მოკლეს მამამისი, აბდულ-აღა.

XVIII საუკუნის ბოლო წლებში აჭარა ახალციხის ფაშას, ათაბაგ შერიფ-ფაშას ექვემდებარებოდა. გარემოება მეტად აწეწილ-დაწეწილი იყო. ამით ისარგებლა სელიმ-ბეგმა, ფეხი კარგად მოიმაგრა აჭარაში, ბატონი გახდა იქაურ მკვიდრთა და ახალციხის ფაშას პირდაპირ, კადნიერად გამოუცხადა, „არ მინდა გემორჩილო და ბატონად გაღიაროვო“. მარტო ეს როდი იკმარა სელიმ-ბეგმა. შეჰკრიბა აჭარელნი და მათი შემწეობით 1803 წელს შერიფ ფაშა ახალციხიდან განდევნა, ხოლო ფაშობა თვითონ ჩაიგდო ხელთ.

სელიმ-ფაშას დროს, როგორც აჭარა, ისე ახალციხის საფაშო ლეკების ბუნაგად იყო ქცეული. ეს მტაცებელი ხალხი თავისუფლად დათარეშობდა ყველგან. სელიმ-ფაშას ეს მთიელები ქართლის დასარბევად ჰყავდა დაქირავებული. ცოტ-ცოტათი ძლიერების ფრთები გაშალა, ქედმაღლურად დაიჭირა თავი და სულთანს თითქმის არც კი ემორჩილებოდა. სულთანს, რა თქმა უნდა, არაფრად ეჭაშნიკებოდა თავისი ქვეშევრდომის ურჩობა და განურისხდა. სელიმი იძულებული იქნა ახალციხიდან ლტოლვილიყო. სელიმს სიკვდილიც მიუსაჯეს. 1809 ივნისში შერიფ-ფაშა ისევ დაბრუნდა ახალციხეში და სელიმს დაუწყო ძებნა. სელიმ ფაშა ამასობაში თავის ოჯახთან და 5000 მებრძოლთან ერთად აჭარაში გამაგრდა.

სელიმ-ფაშა დაუპირისპირდედა ოსმალეთისს ცენტრალურ ხელისუფლებას, დაიწყო ბრძლა საფაშოს გამოყოფისათვის. 1811-1812 წლებში ის ცდილობდა რუსეთის იმპერიასთან დაახლოებას გურიის სამთავროს მეშვეობით და ძველი სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე ავტონომიური მუსლიმური სამთავროს შექმნას. სელიმმა მალე დაინახა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გამოუვიდოდა. 1813 წელს მან მოკავშირეობას შესთავაზა გურიის მთავარს მამია V გურიელს და მოუწოდა მას ოსმალეთის მხარეს გადასვლისკენ. 1814 წელს ახალციხეში გაქცეული და უტახტოდ დარჩენილი იმერეთის მეფე სოლომონ II რუსების წინააღმდეგ შველასა და დახმარებას სთხოვდა სელიმ-ფაშას.

1815 წლის დასაწყისში სულთანის ბრძანებით არზრუმის სერასკირმა, სეიდ-ბაბა-იბრაჰიმ ფაშა ფეხლევანმა 15-ათასიანი ლაშქრით სელიმ-ფაშა ახალციხიდან გააძევა. სელიმი ხიხანის ციხეში გამაგრდა, მაგრამ ოსმალებმა ღალატით შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

აჭარელი ხიმშიაშვილი ბეგების გენეალოგია

რედაქტირება

აბდულა-ბეგი

სელიმ-ბეგი/სელიმ-ფაშა

აჰმედ-ბეგი/ახმედ-ფაშა, აბდი-ბეგი (მეუღლე: კესარია გურიელი), ქერ-ხუსეინ-ბეგი

შერიფ-ბეგი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 278.
  • ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ.: მეცნიერება, 1985.
  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ.184-185

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება